“ქართული ოცნების“ დაზიანებული ბილბორდები, პარტიის დროშის დაწვა, ჩამოხეული პლაკატები და მედიასაშუალებებში დაბლოკილი საარჩევნო რგოლები - მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ ქმედებებზე საუბრობს და ბოლო შემთხვევად ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტს იხსენებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლამ სისტემური ხასიათი მიიღო. გივი მიქანაძე ამბობს, რომ მოწოდებების მიუხედავად, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში არ ხვდება.
“ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდების ჩამოხევის ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა. ხელვაჩაურის სოფელ სარფში მმართველი პარტიის კუთვნილი ბანერები “ოცნების“ წევრებს დაზიანებული დახვდათ. სახელისუფლებო გუნდი მომხდარში ხელვაჩაურის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მამუკა ჯევაიშს და მის თანმხლებ პირებს ამხელს. ჯევაიში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
ხელვაჩაურში მომხდარი ინციდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოშიც შეაფასეს. თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სარეკლამო ბილბორდების დაზიანებით ოპოზიცია ადგილზე ვითარების დაძაბვას ცდილობს.
მომხდარის შესახებ შეტყობინება 112-ში “ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბიდან შევიდა. გამოძიება ახლა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზეა დაწყებული. ავტომანქანა კი რომლითაც სავარაუდოდ ბილბორდების დაზიანებაში მხილებულები გადაადგილდებოდნენ, ექსპერტიზაზე წუხელ ღამითვე გადაიყვანეს. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში თავად “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
“ნაციონალური მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნებისთვის“ ბილბორდების ან სხვა საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანება პრობლემა თავად ამ სარეკლამო მასალის შინაარსიდან გამომდინარე არ არის. ზოგადად კი პარტიებში სიცრუეს უწოდებენ, რომ ოპოზიცია რადიკალურ მეთოდებს იყენებს.
ოპონენტების ქმედებები სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ქცევა მიუთითებს იმაზე, თუ რა ინტერესი აქვთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს.
“ქართული ოცნება“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს დასკვნებში მმართველი პარტიის მიერ გამოვლენილი დარღვევები აისახოს. ასევე ყურადღება მიექცეს იმას, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტების იგნორირებას ეწევიან.