18 ოქტომბერი 2024,   12:36
ვრცლად
განვიხილეთ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ძალიან შეშფოთებულები ვართ რეგიონში განსაკუთრებით სახიფათო ვითარებით - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ევროპული საბჭოს სამიტის 1 დღის დასრულების შემდეგ. ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული გამარჯვების გეგმაზე ისაუბრეს.

ასევე, განიხილეს ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ შეთავაზებული ევროპის საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტის წინადადება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი.

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემას, ასევე ქვეყნის ენერგოსისტემის აღდგენას.

ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ლიდერები გამოეხმაურნენ ვითარებას ახლო აღმოსავლეთშიც. მათი თქმით, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შემდეგ "ჰამასი" სერიოზულ დარტყმას მიიღებს.

"მინდა ყურადღება იმ სამ მთავარ საკითხზე გავამახვილო, რომელიც დღეს განვიხილეთ. ეს არის პრეზიდენტი ზელენსკის ვიზიტი, ახლო აღმოსავლეთი და მიგრაცია. პრეზიდენტი ზელენსკის მოხსენება, რომელიც დღეს გააკეთა იყო დემონსტრირება უკრაინელი ხალხის გამძლეობის, რომელიც ამ სასტიკ ომში აჩვენეს. ომში, რომელიც მალე ათას დღეს გასცდება. ჩვენ უკრაინისთვის გეგმა გვაქვს, რომელიც მოიაზრებს გადამწყვეტ რეფორმებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე. ასევე განვიხილეთ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ძალიან შეშფოთებულები ვართ რეგიონში განსაკუთრებით სახიფათო ვითარებით. ვხედავთ ესკალაციას ლიბანში, ვნახეთ ირანის ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული დარტყმები ისრაელზე. ყველა ეს მოვლენა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის რისკს ქმნის. ჩვენ მრგვალი მაგიდის ფარგლებში მოვუწოდებთ ღაზაში და ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, ისრაელელი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და კონფლიქტის დასრულებისკენ", - განაცხადა ურსულა ფონ დერლაიენმა.

დღის ამბები