25 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ლიდერები იყვნენ ძალიან მკაფიონი, მზად ვართ გახდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ყველაზე ვისაც წევრობა სურს - პაველ ჰერჩინსკი საქართველოზე

ევროპულმა საბჭომ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა, ქართველ ხალხს მხარი დაუჭიროს ევროპულ გზაზე. ამასთან, კვლავ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო - ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს გამოაქვეყნეს.

ევროპული საბჭოს თანახმად, მოქმედებების ასეთი კურსი დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. დოკუმენტში არის მოწოდება, საქართველომ განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისი რეფორმები.

ევროპული საბჭო მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ბრიუსელში ლიდერების შეხვედრა დღესაც გრძელდება. საუბრის ძირითადი თემებია - საიმიგრაციო კრიზისი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის ომი და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ლიდერები იყვნენ ძალიან მკაფიონი, ევროკავშირი მზად არის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ყველაზე ვისაც წევრობა სურს.

"გუშინ და დღეს, სწორედ ახლა, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი ერთმანეთს ხვდება ბრიუსელში და განიხილავენ ყველა საკითხს,რომელიც ევროკავშირის წინაშე დგას. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნა საქართველოზე, გთხოვთ გადახედეთ მას. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც უმაღლეს დონეზე, 27 ლიდერის ჩართულობით შეთანხმდა - მისი საკვანძო გზავნილებია, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სურვილს გახდნენ ევროკავშირის წევრი. ასევე, ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, რომელიც სამწუხაროდ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავალალოდ გამოიყურება, ბრალი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მიზანმიმართულად, სხვადასხვა ქმედებებით, განცხადებებითა თუ კანონმდებლობებით - არ მიაახლოვა საქართველო ევროკავშირთან, არამედ დააშორა მას. არჩევნები ჩატარდება 1 კვირაში, ასე რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მომავალი. ძალაუფლება თქვენს ხელთაა, რომ გადაწყვიტოთ თუ რა გსურთ საკუთარი თავისა და შვილებისთვის. არავინ სხვა, მხოლოდ თქვენ წყვეტთ. ეს არჩევნები ფარულია, სადაც თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება გადაწყვიტოს, გსურთ საქართველოს წარმატება და ევროკავშირის წევრობა, თუ არა. ლიდერები იყვნენ ძალიან მკაფიონი, ჩვენი მხრიდან მზად ვართ მოგესალმოთ, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა ეს უნდა მოხდეს გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ვრცელდება ყველაზე ვისაც წევრობა სურს. ესაა: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა - ეს წესები გამყარებულია ევროკავშირის წესდებებით და არ წარმოადგენს სავაჭრო საგანს", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები