16 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"უბრალოდ, "ნიჭიერის" სცენაზე დადგომაზე ვოცნებობდი და ვერც კი წარმომედგინა, რომ ოქროს ღილაკს დააჭერდნენ" - გაიცანით 13 წლის ნინი ორკოშნელი, რომელმაც მამის ხსოვნას ემოციური გამოსვლა მიუძღვნა

"რაღაც ზღაპარი მგონია, რომელიც ახდა" - 13 წლის ნინი ორკოშნელს ბავშვობის ოცნება აუხდა და "ნიჭიერის" სცენაზე დადგა. მან ფრანგულ ენაზე სიმღერა შეასრულა, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. მომღერლის გამოსვლაზე ჟიურისა და მაყურებელს ემოციების შეკავება გაუჭირდა და მას, ყველა მონაწილისთვის საოცნებო ოქროს ღილაკი ერგო.

გადაცემა "შუადღეში" ნინი იმ სიხარულით სავსე ემოციებზე საუბრობს, რომელიც სცენაზე გასვლის შემდგომ დაეუფლა. მომღერალი "ნიჭიერის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, დათო ფორჩხიძეს ოქროს ღილაკის გამოყენებისთვის მადლობას უხდის.

"ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დათო ფორჩხიძეს. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი, რომ "ნიჭიერის" სცენაზე დავდექი. მიფიქრია ოქროს ღილაკზე, მაგრამ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ღილაკს დამირტყამდნენ." - ამბობს ნინი.

"ნიჭიერის" სცენაზე დგომა ნინის ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა. მისი მთავარი მოტივაცია კი გარდაცვლილი მამაა, რომელზე ფიქრი ენერგიითა და ემოციებით ავსებს. 

"უბრალოდ, "ნიჭიერის" სცენაზე დადგომაზე ვოცნებობდი და ვერც კი წარმომედგინა, რომ ოქროს ღილაკს დამირტყამდნენ. მამას შემდეგ ყველაზე მთავარი გულშემატკივარი არის დედა. ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ვიმღერო. ბევრი სირთულეები გვქონია, მაგრამ დედას ყველაფერი გაუკეთებია, იმისთვის რომ ვიმღერო. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და იმედია, დავუფასებ ამ შრომას და ამაგს.

შეიძლება ვერ დაიჯეროთ, მაგრამ როდესაც ვმღერი, იმდენად ვფიქრობ ხოლმე მამაზე და წარმოვიდგენ, რომ მამა ახლა ჩემს გვერდით არის, წამიერად დამინახავს კიდეც, რომ ჩემს გვერდით მდგარა, ენერგიით ვივსები და ვძლიერდები, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამამ ჩემით იამაყოს." - ამბობს ნინი.

მამის დაღუპვის შემდეგ, ემოციების გადატანაში სიმღერა ეხმარება. 

"თავიდან ვმღეროდი, მაგრამ დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, რომ სიმღერით გამეგრძელებინა. მაგრამ, როდესაც დაუღუპა მამა, აღმოვაჩინე სიმღერა ემოციების გადასატანად, რადგან რომ არ მემღერა, ძალიან რთულად გადავიტანდი ამ ყველაფერს. სევდიანი სიმღერები უფრო მიყვარს, რადგან ამ სევდიან სიმღერებში გამოვხატავ უფრო კარგად ემოციებს." - ამბობს ნინი.

დღის ამბები