23 ნოემბერი 2024,   14:17
ვრცლად
12 წლის წინ, პოლიტიკიდან წასული ნიკა გილაური, ათონელის რეზიდენციაში გამოჩნდა - გეგმავს თუ არა ზურაბიშვილი გილაურის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას

12 წლის წინ, პოლიტიკიდან წასული ნიკა გილაური არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ათონელის რეზიდენციაში გამოჩნდა. გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან მისული, ყოფილი პრემიერი "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ზურაბიშვილი ფსონს, სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დებს და მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გეგმავს. გილაურს, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს. მანამდე, ის ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. დღეს დახურულ კარს მიღმა გამართულ კონსულტაციებზე საუბარს, თავი აარიდა და ორბელიანების სასახლე ალტერნატიული გასასვლელით, ავტომობილით დატოვა.

გიორგი გახარიას გუნდისთვის წითელი ხაზი, მხოლოდ გილაური არ არის. ყოფილი პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ მიუღებელია ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" წარსულში ან ახლა რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. თუ სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, სააკაშვილის პრემიერს წარადგენს - არ არის გამორიცხული გახარიამ, ქარტიაზე ხელმოწერა უკან წაიღოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამტკიცებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელის, პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ინფორმაცია არ აქვთ.

სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს დამაზიანებლად მიიჩნევს "გირჩი." ამბობენ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას ქარტიის გამოყენებით, მიზანმიმართულად აზიანებს.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გილაურის დასახელების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ათონელზე გამართულ კონსულტაციასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას დღეს პრემიერმა უპასუხა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის არც ზურაბიშვილია საინტერესო და არც გილაურის კანდიდატურა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება დღის ბოლოს გაავრცელა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გილაურის დასახელება არ დაადასტურა.

დღის ამბები