კასპში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებს ემსახურება.
ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები, სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით იღებდნენ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დღეიდან კი, შესაძლებლობა აქვთ, სერვისით, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში ისარგებლონ.
დიალიზის ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს, სიცოცხლისათვის აუცილებელ მომსახურებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და ამ მიმართულებით, სამინისტრო, კერძო სექტორთან, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.
კასპში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 36 ბენეფიციარს მოემსახურება, მათ შორის არის, ახალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, იზოლირებული კაბინეტი, ინფექციური პაციენტებისათვის.
დაწესებულება, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, ემსახურება.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დიალიზის ცენტრში იყოფებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები და სხვა სტუმრები.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში, სერვისის მიმწოდებელი 50 სამედიცინო დაწესებულებაა, რომლითაც 2800-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.