16 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
"ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს, ჩვენ ამ ქარტიის ერთგულები ვართ" - ირაკლი ფავლენიშვილი

ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს, ჩვენ ამ ქარტიის ერთგულები ვართ - ამის შესახებ, პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში, პრეზიდენტის ქარტიაზე საუბრისას განაცხადა.

ფავლენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირების თვალსაზრისით, ლოგიკური იქნებოდა მინისტრთა კაბინეტის წინასაარჩევნოდ დასახელება:

"ქარტიის ხელმოწერის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ ევროკავშირის მიერ მოცემული 9 პუნქტი არის სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შეასრულოს პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც აუცილებლად მოვა ქვეყნის მმართველობაში. რაც შეეხება კონკრეტულად საკადრო გადაწყვეტილებებს, მანდატის მიღების შემდეგ, შეიძლება იყოს მხოლოდ ლეგიტიმური მსგავსი საკითხების გადაწყვეტა. ყველა დემოკრატიულ კულტურაში ასე ხდება, როდესაც აქვს ხალხს მიცემული მანდატი, სწორედ ამის შემდეგ უნდა დაკომპლექტდეს საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა.

რაც შეეხება, ქარტიის ხელმოწერის დროს მთავრობის ფორმირების შესახებ ჩვენს პოზიციებს, ჩვენ მივესალმებოდით სრულ ერთიანობას ოპოზიციურ ფლანგზე და ერთიანი სიის პირობებში, ძალიან ლოგიკური იქნებოდა მინისტრთა კაბინეტის წინასაარჩევნოდ დასახელება.

ქარტიაში წერია, რომ მანდატის მიღების შემდეგ უნდა დაიწყონ მუშაობა კოალიციურ მთავრობაზე. რაც შეეხება ხელმოწერას, უკან არ მიგვაქვს, ჩვენ ამ ქარტიის ერთგულები ვართ. რეალურად, ამ ქარტიაში არ არის სავალდებულოდ ის, რომ ტექნიკურ მთავრობაზე იყოს თანხმობა არჩევნებამდე,"- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები