თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, რომელიც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდა. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წელს დამატებითი უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მიიღო.
"საქმის განხილვისას ცესკოს მიერ წარდგენილი იქნა ყველა ის სამართლებრივი არგუმენტი, ასევე შესაბამისი ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც მოეწოდა ცესკოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რაც ადასტურებდა იმას, რომ ცესკომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და ჩვენთან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციით სრული გათვალისწინებით", - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.