24 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"4 წლის წინ 6 თვე დასჭირდა, რომ მათ პატრონებს ეთქვათ, პარლამენტში შემოსულიყვნენ, ვფიქრობ, ახლა ამას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება" - გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციაზე

ხვალ 12:00 საათიდან, მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს.

"ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება. უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს.

ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ერთადერთი სწორი ფორმა წინააღმდეგობა და ქუჩის პროტესტია.

მმართველი პარტია კი მათ, 2020 წლის მსგავსად, ისევ პარლამენტში შესვლას უწინასწარმეტყველებს და ამბობს, მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

"ოთხივე, რომელმაც ბარიერი გადალახა, ოთხივე პარტია არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი. მათ აქვთ მიზანი, რომ ამ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა. ოთხი წლის წინ ამ ყველაფერს დასჭირდა 6 თვე, რომ დარწმუნებულიყვნენ და მათ პატრონებს ეთქვათ, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ახლა გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება ამისთვის. კონკრეტული თანხებით არიან ეს ადამიანები დაფინანსებული, მათ შორის - უცხოეთიდან, რასთან დაკავშირებითაც ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჰქონდა გარკვეული ეჭვები და შესაბამის გამოკვლევებს ატარებდა. ასე რომ, როგორც პატრონები ეტყვიან, ისე გააკეთებენ, ჩვენ ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე.

დღის ამბები