22 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს მოსავლის აღებაზე და საკოორდინაციო შტაბის მუშაობაზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ წელს გაზრდილია როგორც მოსავლის რაოდენობა ასევე ხორბლის ხარისხი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, ხორბლის ხარისხიც მაღალია.

"სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან და იღებენ დეტალურ ინფორმაციას როგორც აღებული, ასევე რეალიზებული მოსავლის შესახებ. წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია. დღეის მდგომარეობით, კახეთში ხორბლის მოსავლის აღება სრულდება და პროცესი უკვე სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ფერმერებთან და თუ, მათი მხრიდან იქნება მოთხოვნა, მზად ვართ, ჩვენი ტექნიკით, ჩავერთოთ მოსავლის აღების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის აღების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა.

"გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობასთან ერთად გაზრდილია ხარისხობრივი მაჩვენებლებიც და შესაბამისად, მაღალი ხარისხის ქართული ფქვილი გვექნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პურ-პროდუქტების მიმართულებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდება", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

დღის ამბები