საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, გაუგებარი იქნება, თუ წელსვე არ მიენიჭება ქართველ ხალხს გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით.
"აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, თუ წელსვე ქართველ ხალხს არ მიენიჭება ეს გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ეს ე.წ. ნარატივიც იყო აბსოლუტურად ყალბი, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ თუკი რაიმე ნაბიჯი გადმოიდგმება ევროკავშირის მხრიდან, ეს იქნება ნაბიჯი არა ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. ახლა გაუგებარი იქნება, თუ ქართველ ხალხს ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს იქნება ზუსტად ისეთივე უხეში შეცდომა, როგორიც დაშვებულ იქნა 2022 წლის ივლისში,"- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების გახსნა წელს მოხდება თუ გაისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების საორიენტაციო თარიღად მაინც 2030 წელია მიჩნეული.
"ზუსტად ისევე დალაგდება ყველაფერი, როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში. მაშინაც იყო უამრავი უსამართლობა და ძალიან უხეში განცხადებები. მე შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 3 სხვადასხვა უსამართლო რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც საუბარი იყო კრიმინალების, დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. 400-ზე მეტი ხმით დამტკიცდა ერთ-ერთი რეზოლუცია. იქაც იყო არანაკლები უსამართლობა, ამაზე ნაკლები არაფერი ხდებოდა, რაც მოვისმინეთ გუშინ კონგრესსა და სენატში.
საბოლოო ჯამში, თუ შენ აჩვენებ ღირსეულ პოზიციას, ყოველთვის მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს გამოჩნდა 2022-2023 წლებში. თუ აქაც დავიჭერთ ღირსეულ პოზიციას ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვინდა, რომ მივიღოთ - ეს არის მოლაპარაკებების გახსნა. თან, იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკების გახსნა სავაჭროდაც არ არის მაინცდამაინც ძლიერი ინსტრუმენტი - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მოლაპარაკებებს წელს გაგიხსნიან და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ მომავალ წელს გაგიხსნიან და ისევ 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი.
საბოლოო ჯამში, რეალურად, არაფერი იცვლება - წელს იქნება თუ გაისად, ორიენტირი მაინც განსაზღვრულია 2030 წელთან მიმართებით, ეს უკავშირდება როგორც მოლდოვასა და უკრაინას, ისე საქართველოს. სავაჭრო და შანტაჟის ინსტრუმენტადაც არ ვარგა, როგორც ასეთი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება, ქართველ ხალხს უთხრა უარი მოლაპარაკებების გახსნაზე," - განაცხადა პრემიერმა.