22 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ვინ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტს და ვინ დგას სავარაუდო გადატრიალების საქმის უკან - სუს-ში უკვე 6 დღეა მოწმეების გამოკითხვა გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე, უკვე მე-6-ე დღეა, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

ვინ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტს და ვინ დგას ხელისუფლების დასუსტების გზით სავარაუდო გადატრიალების საქმის უკან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ სუს-ში 3 საათის განმავლობაში მხოლოდ პირადი საქმის გამო იმყოფებოდა. შენობაში შესვლამდე მან ვინაობაც დამალა. უკავშირდებოდა თუ არა მისი მისვლა ე.წ. მოდულის შენობაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების და ხელისუფლების დამხობის საქმეს - ეს ვერსია რაქვიაშვილმა კატეგორიულად უარყო.

ელიზბარ რაქვიაშვილმა გამოკითხვა უარყო, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია მალევე დაუდასტურა. მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენი ერთადერთი მოწმეა საქმეში, რომელმაც ჩვენება სასამართლოს ნაცვლად, საგამოძიებო უწყებაში მისცა.

ტერორისტული აქტის მომზადების და ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. დღეს სუს-მა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. უწყება პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მიზანი ხელისუფლების დასუსტება და ძალადობრივი გზით დამხობაა.

საქმის დეტალებს ადვოკატები და გამოკითხული პირები 5 დღის განმავლობაში არ აკონკრეტებდნენ. არ ამბობდნენ, რომ ძიება ტერორიზმის მომზადების მუხლითაც გრძელდება. არ ასაჯაროებდნენ არც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ზუსტ ფორმულირებას და ირწმუნებოდნენ, რომ გამოძიება მხოლოდ 315-ე, შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს.

მხოლოდ მედიის შეკითხვების და მცდელობის შედეგად, გუშინ, დანაშაულის კონკრეტული ეპიზოდები გაირკვა. საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა მოწმემ, გელა კახაბრიშვილმა საჯაროდ თქვა, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე მუშაობს.

ტერორიზმის და შეთქმულების საქმეზე დაკითხვები გრძელდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, ხვალ 2 მოწმე, კონსტანტინე ჯღამაია და ლაშა რუხაია დაიკითხებიან.

 

 

დღის ამბები