საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, კახა წიქარიშვილი, არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც იუსტიციის საბჭოში თავის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.
წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას და შესაბამისი აქტების გასაჩივრებას აპირებს.
"აქ მოქმედებს ერთიანი სისტემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე. ჩემს შემთხვევაშიც, არის მაღალი ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მოვითხოვ საქმეში ჩართვას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს და სრულად მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში,"- აცხადებს კახა წიქარიშვილი.
იქამდე, მანუჩარ კოკოჩაშვილმა, რომლის სარჩელის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა, ბრალდებებს სოციალური ქსელით უპასუხა. მანუჩარ კაკოჩაშვილი თავის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს, რომელშიც, მისი თქმით, არასამთავრობოებთან ერთად, პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ. კაკოჩაშვილი აცხადებს, რომ მან გაასაჩივრა მესამე სექტორის მიერ, მისივე შეფასებით, "კლანურ" პრინციპებით ჩატარებული ფორმალური კონკურსის შედეგები, რომელიც სალომე ზურაბიშვილმაც დააკანონა.