25 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საზაფხულო ბაღებში წელს 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია - კახა კალაძე

ახალი სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში 6 700 ბავშვია რეგისტრირებული. თემაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წელს იქნება სიახლეც. გაიხსნება საბავშვო ბაღის სამი ახალი და ორი რეაბილიტირებული შენობა. პარალელურად მუშაობა დაიწყო საზაფხულო ბაღებმა. 50 სააღმზრდელო დაწესებულებაში წელს 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

"გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის – ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც, წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად, დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე, 2 700-მა ბავშვმა გაიარა.

"დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა. ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით - გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი. ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაუბრუნდებიან განახლებულ გარემოში",- აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა- მოდერნიზების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ გარემოში მოუწიოთ სააღმზრდელო პროცესი. იცით, როგორია ახალაშენებული ბაღები, რა სტანდარტია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში ბაღის ძველი შენობები არ დარჩეს. მათი სრული განახლება -მოდერნიზება მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები