22 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე აღნიშნა. ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, პირველი რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა და პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.

"გილოცავთ პროფესიულ დღეს! საქართველოს სანაპირო დაცვას ღირსეული ისტორია და შესაძლებლობებით სავსე მომავალი აქვს. სანაპირო დაცვას, როგორც ჩვენი ქვეყნის საზღვაო პოტენციალის ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ სუბიექტს განსაკუთრებული მისია აკისრია საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. დღეს, სანაპირო დაცვა, როგორც მრავალფუნქციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან შავ ზღვაზე და მის მიღმა, როგორც სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის, ასევე ზღვაზე კანონაღსრულების სფეროში.

მიმდინარე წელსაც სანაპირო დაცვის წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებებში. წარმატებას ვუსურვებ აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილე პირად შემადგენლობას.

თანამედროვე, ძლიერი და მოდერნიზებული სანაპირო დაცვის განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განვითარების ამ სწორ გზაზე, თქვენი კეთილსინდისიერი შრომით, საქართველოს სანაპირო დაცვას, როგორც უკვე აღვნიშნე, დადებითი შედეგები აქვს. მადლობას გიხდით პროფესიული სამსახურისთვის!
მადლობა მინდა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას სანაპირო დაცვის გაძლიერების პროცესში აღმოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ასევე, დიდი მადლობა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის", - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა.


სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 20 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელები პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები