22 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
NATO-ს დოკუმენტი, თავისი ფორმატით და შინაარსით, განსხვავებულია, დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს - ირაკლი ჩიქოვანი

მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ NATO გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი წელს, ფორმატით და შინაარსით, განსხვავებულია, საქართველოს კი დეკლარაციაში საკუთარი ადგილი აქვს. მისი თქმით, არის მკაფიო განაცხადი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე, ალიანსი აფიქსირებს პოზიციას, რომ მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას.

"დოკუმენტი, რომელიც 75-ე საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა, თავისი ფორმატითა და შინაარსით, განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ NATO აღნიშნავს იმას, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს და შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია. ასევე, კონტექსტი, რომ ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთი, როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფო, ძალისხმევას აქვს მნიშვნელობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამისთვის, ყველას ერთად, ბევრი მსხვერპლი გვაქვს გაღებული. მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ NATO გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი,"- განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, NATO-ს ვაშინგტონის სამიტი გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებს, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.

დღის ამბები