22 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ქართველ მეგობრებს მინდა ვუთხრა, ჩვენ გვსურს ევროკავშირს შემოუერთდეთ, თუმცა ამ პროცესში ჩვენი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ ამას ვერ გააკეთებთ, ვერ შემოგვიერთდებით - ერნსტ პეტერ ფიშერი

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე საუბრობს. პეტერ ფიშერმა კომენტარი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე გააკეთა, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს განიხილავენ.

დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას გერმანიის მთავრობაც გადახედავს.

"როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია.

გერმანიას რაც შეეხება, ჩვენთანაც მიმდინარეობს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაკავშირებს, აშშ-სთან ერთად საქართველოს განვითარების თანამშრომლობაში უმსხვილესი დონორები ვართ. გადავწყვიტეთ არ შევსულიყავით რაიმე სახის ახალ ვალდებულებებში საქართველოსთან, ასე რომ გერმანიიდან რაიმე სახის ახალი ფინანსური ვალდებულება საქართველოს მისამართით ამ დროისთვის არ არსებობს.

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გააუქმა საქართველოს მონაწილეობა "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნებიდან, გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი ბერლინში, რომელიც შარშან თბილისში ჩატარდა. ასევე განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებსაც. ქართველ მეგობრებს მსურს ვუთხრა, რომ ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შემოუერთდეთ, თუმცა ამ პროცესში ჩვენი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ და თუ ამას ვერ გააკეთებთ, ვერ შემოგვიერთდებით", - აცხადებს ერნსტ პეტერ ფიშერი. 

დღის ამბები