25 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიის კვლევა - როგორია კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში

კომუნიკაციების კომისიაში მობილურ ბაზარსა და ამ სფეროში არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობენ. ეკატერინე იმედაძე კონკრეტულ კომპანიას, "მაგთიკომსაც" ასახელებს და ამბობს, რომ ორგანიზაცია მომხმარებელთა ინტერესებს აზიანებს, აქვს საბაზრო ძალაუფლება და სატარიფო გადაწყვეტილებებით კომუნიკაციების ბაზარზე გავლენას ახდენს.

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ანალიზი დღეს წარადგინა. კვლევა ევროპელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად მოამზადეს. დოკუმენტის ავტორები ამბოენ, რომ "მაგთიკომი" მნიშვნელოვანი გავლენის ოპერატორია. ანალიზით კი დადგინდა, რომ ბაზარი სტაგნაციას განიცდის. გამომწვევი მიზეზი ოპერატორების ბაზარზე კონკურენციის არარსებობაა. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევაც, რეალურად არის თუ არა საჭირო გარკვეული რეგულაციების დაწესება ამ ბაზარზე მოთამაშე კომპანიებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის კვლევას უნდობლობას უცხადებს მთავარი ადრესატი. კომპანია "მაგთიკომში" უარყოფენ, რომ მობილურ ბაზარზე ერთპიროვნულ საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. "მაგთიკომის" იურისტის თქმით, კომუნიკაციების კომისია მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

"მაგთიკომის" ამ პოზიციის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია მათთვის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს მაინც განიხილავს. ამ შემთხვევაში კი, მარეგულირებელს შეეძლება კომპანიას სპეციფიკური ვალდებულებები დაუწესოს და კონკრეტული რეგულაციები განუსაზღვროს.

კომუნიკაციების კომისია მომზადებულ კვლევას ერთ კვირაში განიხილავს. იმავე დღეს, სწორედ 6 ივნისს იმსჯელებენ მაგთისთვის მნიშნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხზეც.

დღის ამბები