25 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ჩინეთს სურს, ექსკლუზიურად ფლობდეს სტრატეგიულ ობიექტებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ფასით დატვირთოს - გრიგოლ გეგელია ანაკლიის პორტზე

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა აპირებს კომპანია, რომელიც თვით მალაიზიისა და კენიას ჰყავს "გაგდებული". მისივე თქმით, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები "ჩინეთის ხელში არ უნდა ჩავარდეს".

"საქართველოს ეს პორტი ეღირსება, ოღონდ ამ პორტს ავაშენებთ ჩვენ, ქართველები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იმ საერთო სულისკვეთებით, რაც ამ ერს გააჩნია ისტორიულად, მაგრამ ჩინური პორტი არ უნდა აშენდეს. პირდაპირ გეუბნებით, ჩინელებს რომ სდომოდათ მონაწილეობა, 2016 წელს მათ ჰქონდათ ძალიან მკაფიო შეთავაზება, მაშინდელი კონსორციუმის მხრიდან, რომ გარკვეული წილებით ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, ამ პროექტში, მაგრამ მათ ეს არ სურდათ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩინეთს სურს ექსკლუზიურად ფლობდნენ სტრატეგიულ ობიექტებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ფასით დატვირთოს ეს სტრატეგიული ობიექტები და ეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბალკანეთის შემთხვევაში, შეგვიძლია ვნახოთ აფრიკის შემთხვევაში, რა შედეგები მოჰყვა ჩინეთის მიერ სტრატეგიულ ობიექტებზე დაპატრონებას.

არცერთ შემთხვევაში, ეროვნული მიზნებისთვის, კარგი შედეგი ამას არ მოჰყოლია, არც ახლა არ მოჰყვება. რომ ნახოთ, როგორ კომპანიაზეა საუბარი, მალაიზიასა და კენიას ჰყავს ეს კომპანია გაგდებული, წარმოიდგინეთ - კორუფციის, მშრომელთა უფლებების დამრღვევის, თაღლითობის სხვადასხვა მუხლის მიმართულებით, ადგილობრივი, საჯარო პირებისა და მოხელეების მოსყიდვის გამო. წარმოიდგინეთ, კენია და მალაიზია რომ გააგდებს კომპანიას, ამერიკის მიერ რომ არის სანქცირებული მისი შვილობილი კომპანიები, შეიძლება, რომ ეს კარგი რეპუტაციის კომპანია იყოს?

ერთ-ერთ სახელმწიფოში, ამ კომპანიამ აიღო ტენდერი 2014 წელს და მრავალი წლის თავზე რომ შეფასდა 80%, რაც მათ გააკეთეს და ააშენეს, არაოპერატიული იყო, ვერც კი მუშაობდა. რიკოთზე ვერ ვხედავთ?! რიკოთზე არ ვხედავთ ჩვენ თავს რაც ხდება?! ხან გზის ერთი ელემენტი გვეცემა, ხან მეორე და, სამწუხაროდ, ყველას გვეშინია იქ გავლა.

რიკოთის შემთხვევა რომ გაქვს, რომელსაც ხედავ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მათ შორის, არათუ ეკონომიკური, არამედ სამხედრო მნიშვნელობისა და ღირებულების ობიექტი, როგორ შეიძლება, რომ ჩააბარო ასეთ მხარეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ასევე წარმოუდგენელი იყო ჩემის სიცოცხლეში, თუ თეირანში "ჰესბოლას" და "ჰამასის" გვერდით ვიხილავდი ჩემი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს. მივესალმებით ვაჭრობას, მაგრამ პოლიტიკური და ღირებულებითი კუთხით, ჩემთვის გაუგებარია, რომ ჩინეთი იყოს ამ თვალსაზრისით სტრატეგიული პარტნიორი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები