დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა და ქართველი ფეხბურთელების მხარდაჭერა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება შესაძლებელი. ლოკომოტივის არენაზე, სადაც 15 000-მდე გულშემატკივარს მოედანზე მისვლა და ეროვნული ნაკრების ქომაგობა შეეძლება, რამდენიმე მონიტორი დამონტაჟდება.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართება. იმუშავებს საკვები ობიექტები და ფუნქციონირებას დაიწყებს ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია. ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები კი მატჩებს 18, 22 და 26 ივნისს გამართავს.
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში უკვე გაემგზავრა, სადაც წინასატურნირო მზადებას შეუდგა. ჩვენი ნაკრები კონტინენტის პირველობამდე ერთ სატესტო მატჩს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ჩაატარებს. საქართველოს ნაკრების ქომაგებიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და გერმანიაში, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ.
მათ, ვისაც მატჩებზე გერმანიაში გამგზავრება აქვს გადაწყვეტილი, კვლავ შეუძლიათ სპეციალურად დანიშნული პირდაპირი ავიარეისებით ისარგებლონ. მგზავრებს საშუალება აქვთ, ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის, ავიაბილეთები შეღავათიან ფასად შეიძინონ და გერმანიაში ეროვნულ ნაკრებს მხარი დაუჭირონ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი