25 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
საუკუნისწინანდელი უნიკალური ფოტომასალით მოყოლილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია - ეროვნული არქივის საცავები სპეციალურად "კურიერისთვის" გაიხსნა

საუკუნისწინანდელმა ფოტოარქივმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების არაერთი წამი გააჩერა და ფოტოფირზე აღბეჭდა. ამბავი სახელმწიფო მოღვაწეებზე, კვირა დღეს რომ შეიკრიბნენ და ნაშუადღევს, მთელ ქვეყანას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რომ ახარეს. ადამიანებზე, თავისუფლების წუთები თავადაც პირველებმა რომ შეიგრძნეს. ამბავი სასახლეზე, რომელიც რუსთაველის გამზირის 6 ნომერში მდებარეობს და სადაც დამოუკიდებელი ქვეყნის სიცოცხლე 106 წლის წინ, მაისის მიწურულიდან დაიწყო.

ის, რაც ფოტოებმა ვერ აღწერა, ჩვენამდე დოკუმენტებმა მოიტანეს. საქართველოს პირველი კანონმდებლების მიერ შემუშავებული დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრები აწერდნენ ხელს და ისტორიული სხდომის ოქმი. დამფუძნებელმა კრებამ, იმ პერიოდში, პარლამენტის ფუნქციები შეითავსა, იყო მრავალპარტიული და მის შემადგენლობაში 5 ქალი დეპუტატი შედიოდა.

ეროვნული სიმბოლიკაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე დღეებში დამტკიცდა. დროშის ესკიზი იოსებ შარლემანმა და იაკობ ნიკოლაძემ შეიმუშავეს. 1918 წლის 26 აგვისტოს კი, მთავრობამ საქართველოს გერბზე კონკურსი გამოაცხადა. ის უნდა ყოფილიყო ქართული სტილის და რელიგიური სიმბოლიკის გარეშე. სწორედ ამის გამო, ეროვნულ გერებზე გამოსახულ თეთრ გიორგის თავზე შარავანდედი არ აქვს. ახალდაბადებულ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს კოტე ფოცხვერაშვილმა ეროვნული ჰიმნი დიდება დაუწერა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი მალევე დაიწყო ქვეყნის გარეთაც. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, პირველმა გეოგრაფიულად და ისტორიულად შორეულმა არგენტინამ აღიარა. დოკუმენტი არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება. ისტორიკოსების თქმით, ოფიციალური ბუენოს-არიესის გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით ანტიკოლონიურმა განწყობებმა განსაზღვრა.

გაზეთ "სახალხო საქმის" ნომერში დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღზე ჯერ არაფერს წერენ, თუმცა შემდეგ წლების ნომრებში იბეჭდება დღის წესრიგი, თუ როგორ უნდა აღნიშნოს ქვეყანამ უმნიშვნელოვანესი ეროვნული თარიღი. საუკუნისწინანდელი გაზეთები, ახლად ფეხადგმული სახელმწიფოს კიდევ ერთი მემატიანეები არიან, ქვეყნის სამწლიანი დამოუკიდებლობის ეპოქას კი, ისტორიის ძველი ფურცლები ინახავენ.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნა მასშტაბურად ქვეყანამ მხოლოდ ორჯერ მოასწრო და ძველმა ფირიანმა კამერამ ისტორიის ეს პერიოდი შემოგვინახა, რომლითაც დროში მოგზაურობას შევძლებთ. ორივე წლის სადღესასწაულო პროგრამა თითქმის იდენტურია. ქართველი კინოოპერატორების მიერ გადაღებულ ისტორიულ კადრებში ვხედავთ, როგორ ზეიმობდნენ საუკუნის წინ ქართველები დამოუკიდებლობის დღეს. ყველაფერი კი ასე, სახალხო გვარდიის მარშით დაიწყო.

დილის 7 საათზე მებუკეებმა ქალაქი მოიარეს და მოსახლეობას ზეიმის დაწყება საყვირით ამცნეს. 8 საათისთვის კი მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიწყო. მეზარბაზნეებმა შვიდჯერ გაისროლეს. ყველაფერი მკაცრად გაწერილი დღის წესრიგით მიმდინარეობდა. კოლონას საზეიმოდ მორთული და გერბით გაფორმებული ავტომობილი მიუძღოდა. პროფესიული კავშირები ვორონცოვის მოედნიდან კუკიის ხიდით სასახლისკენ დაიძრნენ. მოდიოდნენ, ცხენებით, ურმებით, დროშებით.

მაშინდელ ვაკის ველზე, იქ, სადაც დღეს ვაკის პარკია, დაიწყო მთავარი სანახაობაც. საზოგადოება შევარდენი ორიგინალური ვარჯიშით წარსდგა სახელწოდებით "საქართველოს ვარსკვლავი". მთავრობაა საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ კარვებში განთავსდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამოუკიდებლობის აღნიშვნისთვის ქვეყანა 1921 წლის მაისისთვისაც ემზადებოდა, თუმცა ქართველებს უკვე აღარ ეზეიმებოდათ. თბილისში საბჭოთა ჯარი უკვე იდგა. იმდროინდელ პრესა წერდა, რომ ქუჩებში დემონსტრაციები ოკუპაციის წელსაც ჩატარდა. ხალხს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უნდოდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსვლებს დაპატიმრებებით უპასუხა. ასე გახდა 3 წლის წინ გამოცხადებული თავისუფლება ისევ ნანატრი. მთავრობა იძულებით ემიგრაციაში წავიდა, ქვეყანაში კი ახალი გმირები გაჩნდნენ, რომლებმაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა დაიწყეს და ოკუპანტ რუსეთს ბრძოლა გამოუცხადეს.

დღის ამბები