25 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმი დილიდან დაიწყო - გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიებები, ყველაფერმა, რაც საქართველოს იდენტობასა და ისტორიას უკავშირდება, თავი სწორედ რუსთაველის გამზირზე მოიყარა

დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დამოუკიდებელი ხალხის ერთობა ქმნის - თავისუფლების სიყვარულით, თავისუფლების მოყვარე ადამიანები წელსაც ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც სახალხო ზეიმი დილიდან დაიწყო. გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიებები, ყველაფერმა, რაც საქართველოს იდენტობასა და ისტორიას უკავშირდება თავი სწორედ რუსთაველის გამზირზე მოიყარა. ისტორიული მონაპოვარი - თავისუფლება, დღეს ყველა თაობის ადამიანმა, მიუხედავად უამინდობისა, ერთად იზეიმა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოში დაბადებული ბავშვები საქართველოს დროშებით - ყოველი წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე დღესასწაულს ცნობისმოყვარე პატარები მშობლებთან ერთად უერთდებიან, მათ აინტერესებთ ყველაფერი: ტექნიკა თუ სამხედრო მოსამსახურის ფორმა, ის რაც შესაძლოა მხოლოდ ეკრანზე ან კომპიუტერულ თამაშებში უნახავთ მათთვის ხელშესახები ხდება და ამასთან ერთად, სწორედ ადრეული, ბაღის თუ სკოლის ასაკიდან, უკვე ესმით, რომ დამოუკიდებლობა არის რაღაც, რასაც აღნიშვნა, გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.

მშობლებისთვის შვილებთან ერთად 26 მაისის აღნიშვნა მათ მომავალზე ზრუნვას გულისხმობს. დამოუკიდებლობა, რომელიც მარტივად და მშვიდობიანად არცერთხელ მოუპოვებია საქართველოს, უფროსი თაობისთვის არის თავისუფალი ცხოვრების გარანტი, იმ სურვილების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ახალი თაობებისთვის ჩაუთქვამთ.

დამოუკიდებელმა საქართველომ გამოიარა ქარტეხილებიანი წარსული და შეინარჩუნა ტრადიცია, ისტორია, კულტურა და იდენტობა, მათზე ფიქრით კი გაჩნდა წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანიც - ”ყველაფერი, რაც გვეამაყება და და გვაერთიანებს” - ამ სლოგანმა კი განსაზღვრა ღონისძიების კონცეფცია.

26 მაისი მოქალაქეებისთვის თუ ყოველწლიური დღესასწაულია, ახალწვეულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპია. ფიცის დადებასთან ერთად, ერთ-ერთმა მათგანმა ოჯახის შექმნაც გადაწყვიტა და სრულიად უცნობ ადამიანებს ბედნიერება გაუზიარა, თუმცა დამოუკიდებლობის დღე არის თარიღი, როდესაც ქუჩაში გამოსული ყოველი ადამიანი არის ახლობელი და ნაცნობი, რადგან განურჩევლად ასაკისა, შეხედულებისა თუ ინტერესებისა თავისუფლების იდეა აერთიანებთ.

დღის ამბები