25 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის საზეიმო სიტყვას ხელისუფლებს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ამერიკასთან და ევროპასთან პარტნიორობის გაძლიერება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი გზაა, ქვეყნის მთავარსარდალმა, ეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ჯარისკაცებს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს უთხრა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში რევოლუციის დრო არ არის და მომავალი არჩევნები, მისი თქმით, რეფერენდუმი იქნება.

პრეზიდენტის მხრიდან, ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე საუბრის დროს გაისმა შეძახილები, პრეზიდენტს სიტყვას დასრულების წინ რამდენჯერმე მოჰყვა სტვენა.

პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრი მივიდა. 2030 წელს, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გაერთიანებული საქართველო და ევროპული ოჯახის წევრი - ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ ეს არის ის "ქართული ოცნება", რომელსაც ქართული სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეობა უდევს საფუძვლად.

მიზანი დასახულია, თუმცა ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გზაზე ქვეყანამ მრავალი დაბრკოლება გამოიარა და დღესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში პრეზიდენტის ღალატი ახსენა და იქვე განმარტა , რომ ხელისუფლებისა და მოსახლეობის გონივრულმა ნაბიჯებმა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა.

26 მაისის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერმა ტრიბუნის მიღმა პრეზიდენტის მიერ ტრიბუნაზე ნათქვამი სიტყვა მოკლედ შეაფასა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს შეფასება ვიცე პრემიერისგანაც მოჰყვა.

განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ზურაბიშვილის აქცენტებს იწონებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები სწორად შეაფასა.

სიტყვის შინაარსი და პათოსიც დაუწუნეს სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმაც.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველმა პირებმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას და ჯარისკაცებს, წვევამდელების მიერ ფიცის მიღების შემდეგ მიმართეს.

დღის ამბები