25 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ვაშინგტონმა შესაძლოა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესოს - მიზეზი "ჰამასის" ტერორისტებსა და ისრაელის პრემიერს შორის ტოლობის ნიშნის დასმა და ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის მოთხოვნაა

შეერთებული შტატები, სანქციების დაწესებას პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილების საპასუხოდ აპირებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ისრაელის პრემიერის, თავდაცვის მინისტრისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავება, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო მოითხოვა. ვაშინგტონის პასუხი კი მოსამართლეების დასანქცირება იქნება.

ჰააგის პროკურორის განცხადებამ, აზრი ორად გაყო ევროპის კონტინენტზე. საფრანგეთი, სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. გერმანია კი ვერ ხედავს "ჰამასსა" და ისრაელს შორის ტოლობის ნიშანს. ამერიკის მხრიდან საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ თბილისშიც. უმრავლესობის წევრები იხსენებენ, ქართველი მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებას და ამ გამოცდილების გათვალისწინებით ამბობენ, რომ ამერიკა სანქციებს არაარგუმენტირებულად აწესებს.

უმრავლესობის პოზიციას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები, "ქართული ოცნების" მხრიდან, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ დაზიანებაზე საუბრობენ.

სანქცირება - როგორც ერთგვარი პოლიტიკური ზემოქმედების იარაღი, მმართველი გუნდისთვის ამერიკის თანამედროვე პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, სანქციების არამართლზომიერად გამოყენება პოლიტიკური ველიდან გადის და შანტაჟის სახეს იღებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატში მოსმენაზე თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელთა სანქცირების საკითხზე კონგრესთან ერთად იმუშავებს.

დღის ამბები