25 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"შანტაჟის ენით საუბრის არ გვეშინია" - მმართველ გუნდში რადიო "თავისუფლების" სტატიას ეხმაურებიან

შანტაჟის ენით საუბრის არ გვეშინია - ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" რადიო "თავისუფლების" სტატიას. საუბარია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ მასალაზე, რომელიც წყაროზე დაყრდნობით წერს და რომლის თანახმადაც, "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია". 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება, არის ძალიან ცუდი მაგალითი. 

"შანტაჟის ენით გვესაუბრებიან. ახლა მუქარაა – გაგაცამტვერებთ, ამას და იმას ვუზამთო. თურმე საქართველოს ჩინეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი. ქვეყნებს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ გაფორმებული. არც ერთ ქართულ ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებას რაიმე ფარული ურთიერთობა რუსეთთან დაკავშირებით არ გააჩნია. ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამადაც აქვს რუსეთთან ინტენსიური ურთიერთობები. მათ შორის, სპეცსამსახურების დონეზე. აქედან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება, არის ძალიან ცუდი მაგალითი. აქ არ არის დრო საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ენით ლაპარაკის, აქ არის დრო იმისთვის, რომ საქართველო აღიარონ რეალურად როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო არა სიტყვით, არამედ საქმით და საქართველოსთან მიმართებაში ეს დამოკიდებულება იყოს ნათელი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მედია ორგანიზაციის თანახმად, რომელიც წყაროზე დაყრდნობით წერს, MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რადგან კონგრესში იყო მოლოდინი ქართული ოცნების მხრიდან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონის უკან შემობრუნების.

"რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გადაწყვეტილება სანქციებსა და რუსეთი/ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე შესაძლოა მალე გამოცხადდეს სწორედ MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.

"ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის "ქართული ოცნების" ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს "უცხოური აგენტების" კანონპროექტით".- ამბობს რადიო თავისუფლების წყარო. 

დღის ამბები