ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაღუპულია - ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ცხრავე ადამიანის სიკვდილს ადასტურებს ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN.
ამავე დროს, ვრცელდება ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები, რომელიც დრონით არის გადაღებული. ვერტმფრენის ნამსხვრევებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში მაშველებმა დაახლოებით 13 საათიანი ძებნის შემდეგ, გამთენიისას მიაგნეს.
ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.
ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი - საერთო ჯამში 9 ადამიანი.
ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.