25 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა - მის მიმართ ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრს, დავით ქაცარავას, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე მიდმინარე აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით, ქაცარავას სახის არეში მოტეხილობები აქვს, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე  სტაბილურია.

ქაცარავას დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები. გაკეთდა ოპერაცია. ყველაფერი რიგზეა. გონებაზე იყო პაციენტი. ცოტა ხანი 2-3 დღე დარჩება სტაცინარში, შემდეგ გაეწერება სახლში. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

დღის ამბები