რუსეთის აგრესიის მთავარი სამიზნე ისევ ხარკოვია, მოსახლეობა ინტენსიური დაბომბვების ქვეშ ცხოვრობს. თავდასხმის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. გამოცხადებულია ევაკუაცია, ათასობით ადგილობრივმა ხარკოვი უკვე დატოვა. ოკუპანტების იერიშების შედეგად, რეგიონში ასობით შენობა მიწასთანაა გასწორებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი დაიღუპა 4 კი დაშავდა.
ცამეტი ათასამდე ადამიანმა დატოვა სუმის ოლქი, მათ შორის ორი ათასი ბავშვია. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა რუსეთის ინტენსიურმა საჰაერო იერიშებმა განაპირობა. დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი განადგურებულია. რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ სახლებს. მასობრივი იერიშების ფონზე კიევში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა, ამერიკული მხარე უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარების საკითხებს განიხილავს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვისთვის უმთავრეს ამოცანად საჰაერო სისტემების გადაცემა დაასახელა. ზელენსკი ამერიკასა და პარტნიორებს ომის დაწყებიდან დღემდე მუდმივად მოუწოდებს გადასცენ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ქალაქებზე მუდმივი თავდასხმის პირობებში ადამიანების სიცოცხლე დაცული იყოს.
უკრაინაში მიმდინარე ომსა და ქვეყნის აღდგენის საკითხზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ გამარჯვების გარეშე უკრაინის რეკონსტრუქცია ვერ მოხდება, თავად რეკონსტრუქციის პროცესზე საუბარი კი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი კომპლექსურია და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
ფრონტზე გაზრდილი შეტაკებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დახმარებას ფრონტის ხაზზე სიტუაციის უკრაინის სასარგებლოდ გარდატეხა შეუძლია.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე