25 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად - ირაკლი კობახიძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მმართველი გუნდის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის. ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა შსს-ს და პოლიციელებს და აღნიშნა, რომ სამართალდამცავები მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ.

"დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და ვისაც გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა.

მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს თავი შეიკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული. მადლობა ქართველ ხალხს, რადგან სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შესაძლებლობაც სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით მომავალშიც დიდ წარმატებებს მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები