25 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის მიმართ - გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში

გვაქვს მზაობა, კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ჩვენ ვითხოვთ კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შესაძლოა ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა. გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და პოზიცია", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოწოდებაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია, ხოლო ევროკავშირის მიმართ, მოწოდებაა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები დეკემბერში გაიხსნას. 

"ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროკავშირს – აქ ჩვენი მოწოდებაა, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში", – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები