25 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
აქციების დაშლის საერთაშორისო სტანდარტი - ხელისუფლება საკუთარ ლმობიერებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი კადრების გამოქვეყნებას საზოგადოების დაშინების მცდელობას უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უწყებამ საპოლიციო ძალების მხოლოდ მინიმალური შესაძლებლობები გამოიყენა, რაც, ვახტანგ გომელაურის თქმით, განსხვავდება იმ პრაქტიკისგან, რომელსაც, ასეთ შემთხვევებში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მიმართავენ.

ქვეყნის პირველი პოლიციელი უცხოურ მაგალითებზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფსა და საპოლიციო ძალებს გადამზადება სწორედ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად აქვთ გავლილი. შესაბამისად, არიან აღჭურვილები და კანონი აძლევთ უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, წიწაკის სპრეი თუ რეზინის ტყვიები. ვახტანგ გომელაური აქციის მონაწილეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.

საერთაშორისო პრაქტიკასა და აქციის დაშლის უცხოურ მაგალითებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგზე ჯერ კიდევ გუშინ ისაუბრა. უწყებამ გაასაჯაროვა კადრებიც, თუ როგორ შლიან პროტესტის მონაწილეებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

ოპოზიციამ ბრიფინგი საზოგადოების დაშინების მცდელობად აღიქვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროტესტი საქართველოში მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებში ჯდება და სწორედ ამით განსხვავდება ის იმ აქციებისგან, რომელიც უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა.

სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ, მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ. გარდა ამისა, დღეს "ქართული ოცნება" იმ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც პარტნიორებისგან აქციის დაშლის შეფასებისას ისმოდა.

პარტნიორების კრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრმაც შეაფასა. ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქეთა დასაშლელად, რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და მხუთავი აირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში მომიტინგეები გაცდნენ მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, რასაც კანონი არეგულირებს. 

დღის ამბები