მართლმადიდებელი სამყაროს სახარებისეული ჭეშმარიტების სიმბოლო - წმინდა ცეცხლი თბილისის დროით ზუსტად 15 საათსა და 13 წუთზე გარდამოვიდა. სასწაული კვლავ განმეორდა. უტყუარი ნიშანი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების, ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის. ცეცხლის გარდამოსვლას ჩაბნელებულ ტაძარში ასობით ადამიანი გალობითა და ლოცვით ელოდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ადამიანები ერთმა ემოციამ გააერთიანა. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ პროცესში საკუთარი კულტურის განსაკუთრებულ როლს და ფუნქციას ხედავს, სწორედ ამიტომ ცეცხლი რამდენიმე საათში მთელს მსოფლიოში გავრცელდება.
მაცხოვრის საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოაბრძანა. აღდგომის ტაძარში ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, ჩვენი ქვეყნიდან ჩასული მომლოცველებიც იყვნენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, აღდგომის ტაძრის კუვუკლიაში თბილისის დროით, 15 საათსა და 10 წუთზე, შევიდა. მანამდე მაცხოვრის საფლავის შესასვლელი დალუქული იყო. კარის გახსნის შემდეგ, თეოფილე მესამემ ის ლამპარი შეიტანა, რომელზეც ქრისტიანული რწმენის მიხედვით, ცეცხლი გადმოდის. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა, სანამ პატრიარქი უფლის საფლავთან მივიდოდა, ის სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს და მღვდელმთავრის სამოსი გახადეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლისთვის, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ლოცვა აღავლინა.
მთელს მსოფლიოში მართლმადიდებლებისთვის, ცეცხლის გარდამოსვლა ვნების კვირეულის ბოლოს, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მტკიცებულებაა. ეს საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. ღვთაებრივი ცეცხლი ქრისტიანებისთვის სიცოცხლის სიკვდილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ისტორიული წყაროების მიხედვით, მესამე საუკუნეში გარდამოვიდა. გადმოცემის მიხედვით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა მასში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გარდამოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტანიობის დროს არ ჩამქრალა.