25 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
"აქციები არის მშვიდობიანი" - გრიგოლ გეგელია შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციას, სოციალურ ქსელში, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს თავს ესხმიან, შემთხვევის გამო კი, რამდენიმე სამართალდამცველის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, ამ ფონზე, არცერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები და ბევრმა მათგანმა თავდასხმებს მშვიდობიანი უწოდა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას მმართველი გუნდის ოპონენტები აფასებენ.

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დასაგმობი მხოლოდ მმართველი გუნდის ქმედებებია, რომელსაც მშვიდობიან მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ.

"ელჩებიც, საზოგადოებაც, საერთაშორისო პარტნიორებიც, საქართველოს შიგნით და ჩვენი ქვეყნის გარეთ, ყველა ნათლად ხედავს, თუ რას ჩადის ეს მთავრობა. ჩემთვის გაუგებარია, ვინ რა უნდა დაგმოს, დასაგმობი ეს კანონი და "ქოცების" მოქმედებაა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიანია, ხოლო, თუ პაპუაშვილს სურს ელჩების განცხადებებზე ისაუბროს, მაშინ რუსული კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს.

"მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ყველა საგარეო მინისტრმა, ევროპულმა კომისიამ, ევროპულმა პარლამენტმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, მთელმა მსოფლიომ მოუწოდა საქართველოს, რომ ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს. ამიტომ, თუ უნდა დიპლომატებს მოუსმინოს და მათ განცხადებებზე ისაუბროს, შეაჩეროს რუსული კანონის მიღება. აქციები არის მშვიდობიანი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტია "ახალის" წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ხდება, ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული.

"თუ კი რამე ხდება ყოველთვის პროვოცირებულია ხელისუფლების მხრიდან. ყოველდღე ურტყამენ, წამლავენ, გაზს, რასაც უშვებენ, ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხომ არ ჰგონიათ", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები