დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდნენ, ობიექტზე მისულ სტუმრებს კი, რომლებიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გამოსძალეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.