25 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ვინც ისტორიულ მომენტში განუდგა სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი - მაკა ბოჭორიშვილი

"ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად! ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის - ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს!" - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

"პირველ რიგში მსურს მივმართო კამპანია "არა რუსულ კანონს" ორგანიზატორებს:

⁃ ყალბია ეს კამპანია ჯერ ერთი იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს და მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება!

⁃ უფრო მეტად ყალბია, იმიტომ, რომ მას რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ.

იმ ადამიანებსაც მინდა მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და გერ უკვე ორი კვირაა არ წყდება მათი შანტაჟი:

⁃ ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპული მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი; ეს არის რუსული საქმე და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა.

⁃ ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს! დღემდე წუხან იმას, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს. იმიტომ, რომ ამის უფლება არ მივეცით! იმიტომ, რომ არ დავიზარეთ მათი მავნებლობების გაქარწყლება და არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა!

⁃ ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ, რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად!

⁃ ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის - ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს!

⁃ ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალის კატეგორიაში განათვსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში.

⁃ ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება! უმადურობა, რომ არ გვჩევია ეს საიდუმლო არ არის და საქართველოს პრემიერ მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროსაც დაადასტურა.

⁃ ამ ქვეყნის და საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის არის იმის ცოდნა საჭირო, რაში იხარჯება თუნდაც ჩვენი პარტნიორების ფული საქართველოში და როგორ ხმარდება ის საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ გზას.

არ შემიძლია გუშინდელი დღის ანტი-გმირს არ მივმართო: ალეკო ელისაშვილო, უთხარი საზოგადოებას რა დაჯდა შენი ჭკუით პრო-ევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში? CNN- ზე კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი!

ახლა ორიოდე სიტყვით თავად გამჭვირვალობაზე: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღეს ბევრს საუბრობენ დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე და ამ მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში ჩართული პირების თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობის საჭიროებაზე. ინფორმაციის ქონა, მოქალაქეთა ლეგიტიმურ უფლებადაა მიჩნეული. რატომ უკრძალავთ იგივეს საქართველოს მოქალაქეებს? ჩვენს რეალობაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, თუ გამფუჭებელი ორგანიზაციები, რატომ უნდა უმალავდნენ საქმიანობის მიზნებსა და დაფინანსების წყაროს საზოგადოებას? და ბოლოს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დროულად დაჯდომა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია ახლა. ამის ერთ-ერთი წინაპირობა, 9 ნაბიჯში განისაზღვრა და არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობს. თქვენ რომ არჩევნები არ გაინტერესებთ, ეს არა ერთხელ გამოჩნდა და ბოლო რეიტინგების შემხედვარეს კარგად მესმის, რომ ყველა იმედი გადაგეწურათ და ისევ და ისევ რევოლუციური სცენარების იმედად ხართ დარჩენილები. როგორც არ უნდა გვაბულინგოთ, როგორც არ უნდა ეცადოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენს ევროპულ ოცნებას, ნამდვილ ქართულ ოცნებას მაინც ვერ გაარუსებთ. ბრძოლა საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე მისაყვანად დაწყებულია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე" - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

დღის ამბები