25 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავა - როგორ ვითარდებოდა პროცესები რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, გუშინდელ დღეს, პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაიწყეს შეკრება. ისმოდა შეძახილები და მოწოდებები დეპუტატების მისამართით, რომ მმართველ გუნდს კანონზე მსჯელობა შეეწყვიტა.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა ჰქონდათ - იურიდიულ კომიტეტს მხარი არ დაეჭირა გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის.

აქციის დაწყებიდან მალევე ადგილზე შეკრებილებს ტრიბუნიდან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი ქადაგიძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისთვის წრის შეკვრისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც მოუწოდებდნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი დაკავების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ჯარიმის გადახდას და სამართალწარმოების პროცესში დახმარებას დაჰპირდა.

მალევე ქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზება სპეცდანიშნულების ჯგუფებმა და პოლიციამ დაიწყო. აქციაზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება არ გასცდენოდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება მას შემდგე დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტისთვის წრის შეკვრა გადაწყვიტეს. პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე დაპირისპირებას დაკავებები მოჰყვა. აქციაზე ძალოვანი უწყების ინფორმაციით პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 14 პირი დააკავა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა პოლიციელიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავებული სამართალდამცველის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იურიდიული კომიტეტის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ განმარტა კანონის მიღების აუცილებლობა და განაცხადა, რომ ძალადობაზე პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნებოდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით დატოვეს. დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და აღდგა საავტომობილო მოძრაობა.

დღის ამბები