25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ... ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო - სენატორი ჯინ შაჰინი

საქართველოში ინიცირებულ “გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე ისაუბრეს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც USAID-ის ხელმძღვანელს მოუსმინეს.

კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელს დაუსვა კითხვა - თუ საქართველო ე.წ. უცხოეთის აგენტის შესახებ კანონს მიიღებს, როგორ აისახება ეს საქართველოში შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე.

"მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ," - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცხადებით, "უცხოელი აგენტის" შესახებ კანონპროექტის ადგილი, ევროპაში არ არის. სენატორმა ბენ კარდინმა კი სხდომაზე თქვა, რომ შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე - დაცულიც," - აცხადებს სამანტა პაუერი.

სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ "გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღება საქართველოს არასწორი გზით წაიყვან, რის შესახებაც ქვეყანამ გაფრთხილება უკვე მიიღო.

"გმადლობთ, რომ ისაუბრეთ საქართველოს მცდელობებზე, მიიღოს რუსული სტილის, პუტინის სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის სწორ გზაზე მოძრაობას. ეს რა თქმა უნდა, არასწორი გზით მოძრაობაა და ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ... მე დავუკავშირდი მათ ელჩს, რათა მათთვის გადამეცა ჩემი შეშფოთება იმაზე, რომ ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს მოძრაობასა და ევროპაში ინტეგრაციაზე," - აცხადებს ბენ კარდინი.

დღის ამბები