დიდი გამარჯვებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა სიხარულის ეს ემოციები არავის განელებია. ქუჩაში, ავტობიუსში, სახლში, მანქანაში, ადამიანები დღემდე ღიღინებენ, "ზღაპირს ბოლო კეთილია". სიმღერა, რომელიც ქართული გამარჯვების ჰიმნად იქცა.
ამ სიმღერამდე ეროვნულ გუნდს და ასევე, ქართულ კლუბებს არაერთი ჰიმნი და საფეხბურთო სიმღერა ჰქონდათ. მაგალითად, ვაჟა აზარაშვილის "დინამო", რომელიც ალბათ ყველაზე პოპულარულია. თუმცა არის ისეთი სიმღერებიც, რომლებიც თავის დროზე ჰიმნად იქცა, თუმცა დღეს შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ. ქართული სპორტის ჰიმნად ქცეული კომპოზიციები მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟში.
არავინ იცის ფოთის სანაპიროზე ბურთს პირველად ვინ გაჰკრა ფეხი, თუმცა ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო თავგადასავალი აქ, ამ ნავსადგურის მახლობლად დაიწყო. მაშინ, როცა პირველი ქართული თერთმეტეული გემით ჩამოსულ ინგლისელ მეზღვაურებთან მათთვის უცხო თამაშში ჩაერთო. ასეთი რამ ფოთელებს არასოდეს ენახათ და არც გაეგონათ. ასე გამოჩდნენ ქართული ფეხბურთის პირველი მერცხლებიც.
ფოთელებს თამაში მოეწონათ და 1906 წელს ქალაქში პირველი გუნდიც შექმნეს. ევროპული სპორტის სახეობაში ახალბედები სტუმრებს ტოლს არ უდებდნენ და ინგლისელებსაც ხშირად ამარცხებდნენ. მოგებულს კი ჯილდოდ წაგებულის ფორმა რჩებოდა. პირველ გუნდს მეორე მოჰყვა და დამოუკიდებელ საქართველოში სპორტის ამ სახეობისთვის ქართული სახელწოდება ფეხბურთი გაჩნდა. ჯანსუღ კახიძის მიერ დაწერილი კომპოზიცია კი ქართული ფეხბურთის დაბადების სიმბოლოდ და მის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მოედანზე გასულ თერთმეტ მოთამაშესთან ერთად ყოველთვის თამაშობდა მეთორმეტეც. საფეხბურთო სამყაროში ისტორიაც ასე ერთად იწერებოდა. ტრიბუნებზე საგულშემატკივროდ მისულებს სპორტული სანახაობის გარდა, მუსიკაც აერთიანებდათ, რომელიც მალევე საფეხბურთო ჰიმნად იქცეოდა და ეროვნულ ნაკრებთან თუ საფეხბურთო კლუბებთან ერთად სახესაც ხშირად იცვლიდა. დროსთან ერთად იცვლებოდა მათი ტექსტიც, შინაარსიც და განწყობაც. ასე იბადებოდა მუსიკა ქომაგებისთვის და საფეხბურთო სულისკვეთებისთვის.
ოცნება მაშინ ასრულდა, როცა დინამოს ფეხბურთელებმა 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს. მაშინ ლურჯ-თეთრ მაისურებიან ფეხბურთელებს ოქროს ბიჭები შეარქვეს, სწორედ მათ ეძღვნებათ ანსამბლ ,,ორერას"" სიმღერა, რომლის ავტორი კომპოზიტორი გოგი ცაბაძეა.
თბილისის დინამოს ისტორია ქვეყნის გასაბჭოებიდან 4 წლის შემდეგ 1925 წლიდან იწყება. საფეხბურთო კლუბს საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ნაკრების ალტერნატივად რომ ითვლებოდა, ყველაზე მეტი სიმღერა მიუძღვნეს. სხვადასხვა დროს დინამოს ანსამბლები ,,ორერა"" და ,,ივერია"" უმღეროდნენ.
დღემდე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმღერად ვაჟა აზარაშვილის დინამო რჩება. კომპოზიცია ერთი ვერსიით 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის მოპოვების შემდეგ გამოვიდა, თუმცა, როგორც აზარაშვილი იხსენებდა ცნობილი ჰიტი 1976 წელს, საბჭოთა კავშირის თასის მოპოვებიდან მეორე დღეს დაიწერა. ის ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით ივერიამ შეასრულა.
თითქმის 50 წლის განმავლობაში, დროსთან ერთად იცვლებოდნენ ჰიტად ქცეული მუსიკის შემსრულებლებიც.
10 წლის იყო ფეხბურთის საგულშემატკივროდ სტადიონზე პირველად რომ მივიდა. ახლა 87 წლისაა. თამაში არ გაუცდენია.
მოხუცი ქომაგი 77 წელია ამ სტადიონზე საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილს ირჩევს. უემოციოდ ვერც ეროვნული ნაკრების ისტორიულ თამაშის იხსენებს.
ამ სიმღერით მოედანზე გასულ გურულ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. კომპოზიცია 80-იან წლებში ვაჟა აზარაშვილმა შექმნა და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქართულ საფეხბურთო გამარჯვებას მიუძღვნა. 1986 წელს ლანჩხუთის კლუბი "გურია" საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, 1988 წელს კვლავ ივერიის შესრულებით გამოვიდა სიმღერა ,,გურია’’.
90-იან წლებში სტადიონებზე საფეხბურთო ჰიმნები პატრიოტულმა სიმღერებმა ჩაანაცვლა. ყველაზე პოპულარული ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე დაწერილი მამუკა ჩარკვიანის მუსიკით გაფორმებული და ქართული ხმების მიერ შესრულებული ჰიმნი ,,თავისუფლებას’’ იყო.
2000-იანი წლების დასაწყისში ოფიციალური ფანკლუბის ჩამოყალიბებასთან ერთად გამოჩნდა ახალი ჰიმნიც, რომელიც იმ დროს პოპულარული როკ ბენდის წევრმა დათო ლომიძემ შეასრულა.საბრძოლო მუსიკის და მარტივი ტექსტის მიუხედავად, ამ საფეხბურთო სიმღერამ დინამო ვერ ჩაანაცვლა და ახალ ჰიმნად ვერ იქცა ქომაგებისთვის. ამას იმდროინდელი ნაკრების წარუმატებლობის სერიამაც შეუწყო ხელი.
2022 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები ქომაგების წინაშე ახალი იდენტობით წარსდგა. "მე ვარ საქართველო" – ასე ჟღერს გუნდის ახალი სლოგანი, არ დააყოვნა ახალმა ჰიმნმაც, რომელიც აჩიკო გულედანსა და ბექა ჯაფარიძე-შუკვანს ეკუთვნის.
ამ ისტორიული გამარჯვებიდან სულ ცოტა დროა გასული და გულშემატკივრების დიდი ნაწილი იმ მუსიკას ღიღინებს, რომელსაც ერთი შეხედვით ქართულ ფეხბურთთან არც არაფერი აკავშირებდა, მაგრამ ყველაზე მეტი საერთო ნახა.
26 მარტს მთელი თამაშის განმავლობაში გულშემატკივრები მერაბ სეფაშვილის ჰიტს, "გაიღიმეს" მღეროდნენ. ნაკრების ოფიციალურმა ქომაგებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გია მაჭარაშვილის კომპოზიცია, რომლის ავტორიც ირმა სოხაძეა, საფეხბურთო ჰიმნად აქციეს.
გულშემატკივარი საფეხბურთო ზღაპარს ახლა უკვე ევროპაში და ევროპული ტრიბუნებიდან დაელოდება. განსაკუთრებულად კი დაელოდებიან იქ, სადაც ზღვამ ფეხბურთი მოიტანა.