თბილისი, ასათიანის ქუჩა - 5 წლის განმავლობაში, მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმის ერთ-ერთი გადასაღები მოედანი იყო. ზუსტად ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ფილმი "ტერცო მონდო," რომელიც აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მოთხრობას ეფუძნება.
გადაღებები დასრულებულია და ფილმიც უკვე მზად არის, სწორედ ამიტომ 89 წლის რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, შემოქმედებითი გუნდი და კინომოყვარულები კინოთეატრ ამირანში ფილმის დახურულ ჩვენებაზე მიიპატიჟა.
"ტერცო მონდოთო" მერაბ კოკოჩაშვილმა ოფიციალურად დაასრულა ტრილოგია, რომლის პირველი ფილმი 1981 წელს გადაიღო. "ცხელი ზაფხულის სამი დღე" დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საქართველოსა და საბჭოთა პერიოდის ქართველ არქეოლოგზე მოგვითხრობს. ტრილოგია მერაბ კოკოჩაშვილმა 2000 წელს "ნუცას სკოლით" გააგრძელა. ფილმის მთავარი გმირი წინაპრების მამულში ბრუნდება და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის სკოლას აწყობს.
ტრილოგიის ბოლო ფილმში სამი სხვადასხვა თაობის მსახიობები, საკუთარი პერსონაჟების დახმარებით გვიყვებიან საქართველოს უახლეს წარსულზე, ადამიანურ ღირებულებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი კი გერმანიაშია გადაღებული
ფილმი "ტერცო მონდო" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
ტერცო მონდო" 2019-20 წლებში, ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. კინოსურათმა საფესტივალო ცხოვრება უკვე დაიწყო. ქართველი მაყურებელი კი მას ოქტომბერში იხილავს.