25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
რა საკითხებზე ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბიუროს უფროსმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა გააჩინა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღია.

"შექმნიდან ერთი წლის მანძილზე, ბიურომ არსებული ინსტიტუციური გამოცდილების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის, საჯარო სექტორთან კომუნიკაციებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შეძლო მყარი ფუნდამენტის ჩაყრა ბიუროს წარმატებული სამომავლო საქმიანობისათვის“, - აღნიშნა ბიუროს უფროსმა.

რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

მისი თქმით, ეფექტიანი სტრატეგიის დასახვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, 2023 წელს ბიუროს მიერ შესწავლილ იქნა 15 ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა, გაკეთდა სიტუაციური ანალიზი, გადამზადდა ბიუროს თანამშრომლები და დაიგეგმა სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც საჯარო მოხელეებს მისცემს გეგმით დადგენილი აქტივობების შესრულებისათვის საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას.

ბიუროს უფროსი მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მამხილებლისათვის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფასა და უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას“.

რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სტატისტიკა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ. ბიუროს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები.

ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს.

"ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გადიოდა მნიშვნელოვან რეფორმებს და ერთ-ერთი რეფორმა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება გახლდათ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გაგვეცნო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის წარგვედგინა საქართველოში განხორციელებული რეფორმის შინაარსი“, - აღნიშნა მან.

ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დღის ამბები