ევროპული სტანდარტის პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია. უპრეცედენტო შესაძლებლობების საფრენი აპარატი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან ჩამოიყვანეს. H 145-მა სამთო-სამაშველო აღჭურვილობით და ხანძართან ბრძოლის შესაძლებლობებით საქართველოში მოწინავე პოზიცია უკვე დაიკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის შედეგად, სამ თვეში, საქართველოს კიდევ 2 მაღალი დონის სამაშველო შვეულმფრენი ექნება. სპეციალისტების შეფასებით, H 145 ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებს სრულად პასუხობს. ცნობილია, რომ H 145-ს სიმაღლეზე ფრენის რეკორდი აქვს დამყარებული. ის იყო პირველი ორძრავიანი ვერტმფრენი, რომელიც 6962 მეტრ სიმაღლეზე დაჯდა. საფრენ აპარატს 1700 კგ ტვირთის გადატანა შეუძლია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტმექანიკოსები გერმანიაში, Airbus Helicopterიs-ის სასწავლო აკადემიაში გადამზადდნენ.
"მაღალი დონის სამაშველო ვერტმფრენები საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს" - ასე შეფასდა მმართველ პარტიაში უპრეცედენტო შესაძლებლობების საფრენი აპარატების შესყიდვა. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ სამაშველო ვერტმფრენების ყიდვა დაგვიანდა.
კიდევ 2 ერთეული H 145 ვერტმფრენი საქართველოში ივნისის ბოლომდე ჩამოვა. ეს შვეულმფრენი ფრანგული კომპანიის, Airbus Helicopters-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია. H 145 -ით უკვე სარგებლობენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის და კანადის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან, სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით, 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა.