25 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
სექტემბრიდან, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებიდან შერჩეული 3-ათასი სტუდენტი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას დაიწყებს

რამდენიმე თვეში, ახალგაზრდები სახელმწიფო და კერძო უწყებებში, დასაქმდებიან, თანაც ანაზღაურებით. სტუდენტების თქმით, პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ უნივერსიტეტებში დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ამ ახალგაზრდებთან ერთად, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მალე კიდევ რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩაერთვება. მასშტაბური პროექტის შესახებ, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს პრემიერი განათლების მინისტრთან ერთად ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ, შეხვედრა საფეხბურთო წარმატებაზე საუბრით დაიწყო და ახალგაზრდებსაც საკუთარ საქმეში გამარჯვება უსურვა.

შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა, პროგრამასთან დაკავშირებით, სტუდენტების მოსაზრებები მოისმინა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროექტი საწყის ეტაპზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას.

მთავრობამ სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა პროფესიულ საქმიანობაში ჩართვა მარტივად შეძლონ, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში. ის საბოლოო სახეს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს. განათლების სამინისტრო სტაჟირების გარდა, ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაზეც ზრუნავს. გიორგი ამილახვარმა იმ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს, მსგავსი დისკუსია კერძო უმაღლეს სასწავლებლებში იგეგმება. კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა 4 თვიანი იქნება და მასში ქვეყნის მასშტაბით 3 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთვება. ახალგაზრდები დასაქმებას უკვე სექტემბერსვე შეძლებენ.

დღის ამბები