დიდი ოდენობით ქრთამის არებისთვის დაკავებულია სამი პირი, მათ შორის არიან ქალებიც. საქმეში კიდევ ორი ბრალდებულია, მათ გამოძიება ქრთამის მიცემას ედავება. დაკავების ღონისძიებები სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დღეს, ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ჩაატარა.
"კურიერის" ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ხელბორკილები საკუთარ ბინაში თამარ მანჩახაშვილს დაადეს - სასწრაფო დახმარების ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილ მოადგილეს. დაკავებულები არიან ამავე სამსახურის მენეჯერებიც, რატი ცამბაია და ნინო კოშაძე.
ირკვევა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი თანამშრომელი, "ევექსი-ჰოსპიტალსის" სამედიცინო დაწესებულების ორ წარმომადგენელს გაურიგდა. შეთანხმების მიხედვით, სასწრაფოს პაციენტები არა უახლოეს საავადმყოფოში, არამედ სწორედ მათ დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებში უნდა გადაეყვანათ. გადამისამართება კი პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში, ხელოვნური ჩარევით ხდებოდა. ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, თამარ მანჩხაშვილმა, რატი ცამბაიამ და ნინო კოშაძემ, ქრთამის სახით ჯამში 532 126, "ევექსის" კლინიკის წარმომადგენლებმა კი ბონუსად 225 930 ლარი აიღეს.
სუსის ოფიციალურ განცხადებას წერილობით გამოეხმაურა სააქციო საზოგადოება ”ვიანი”, რომლის დაქვემდებარებაშიც 2023 წლიდან "ევექსის" ჰოსპიტლები გადავიდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საქმეში ბრალდებული 2 პირი მათი თანამშრომელი არ იყო, ხოლო სამართალდამცველებთან გამოძიების პირველივე დღიდან თანამშრომლობენ.
გამოძიებასთან თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროც. თანამშრომლების დაკავების საქმეზე განცხადება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმაც გაავრცელა და თქვა, რომ დაკავებული პირები მათი თანამშრომლები აღარ არიან.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს გამოძიება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს. სასჯელი 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.