ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, ტყის აღდგენა-გაშენება - ეს იმ პრიორიტეტული მიმართულებების ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილების 2024-25 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა. დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია, დათვლილია ბიუჯეტიც. სახელმწიფო ამ მიმართულებით, დაახლოებით, 3 მილიარდ ლარს დახარჯავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განმარტავენ, რომ სტრატეგიის გეგმის განახლება, კლიმატის გლობალური ცვლილებებისა და მისგან გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები რომ მსოფლიო დღის წესრიგში დგას, საუბრობენ გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ამ მიმართულებით აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციასა და შერბილების საკითხებს ეხება.
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისებაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომიკის სამინისტროში. ამბობენ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ენერგეტიკული რესურსები მეტად აითვისოს და ამ მიმართულებით იმპორტის წილიც შეამციროს.
კლიმატის ცვლილების გეგმის მნიშვნელობაზე საუბრობენ გარემოს დაცვის კომიტეტშიც. ამბობენ, რომ საკითხი პირდაპირ კავშირშია როგორც ეკონომიკის განვითარებასთან, ასევე მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის დაწესდა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება. ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შექმნა სხვადასხვა კატეგორიის 32 ახალი დაცული ტერიტორია. 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდა. კონტროლდება საწვავის ხარისხი და გამონაბოლქვი.