25 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
რუსეთში ტერაქტის შედეგად დაიღუპა 143 ადამიანი, ამდენივეს ისევ ეძებენ - როკ-ჯგუფმა კი, მოსკოვში ჩავარდნილი კონცერტი 6 დღეში სანკტ-პეტერბურგში, მაყურებლით სავსე დარბაზში გამართა

მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება.
143 დაღუპული, რომელთაგანაც ამოცნობილია მხოლოდ 84. არიან ბავშვებიც.
ამას გარდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 143 ადამიანი. ნათესავები და ახლობლები მათ სხვადასხვა კლინიკებსა და მორგებში უშედეგოდ ეძებენ. არავინ იცის სად გაქრა ასზე მეტი მოქალაქე, რომლებიც ტერორისტების თავდასხმის დროს შენობაში იმყოფებოდნენ.

რუსული სპეცსამსახურები დაკარგულებს ვერ პოულობენ, თუმცა წარმატებით აკავებენ ეჭვმიტანილებს უკრაინული კვალით. ცოტა ხნის წინ აიყვანეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც უკრაინიდან ტერაქტის მომზადებისთვის კრიპტო ვალუტის გადარიცხვა ბრალდება.

მოსკოვის ტერაქტში კიევის კვალს უაზრო პროპაგანდას უწოდებს ვაშინგტონი და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააფრთხილა რუსეთი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. იმავეს ამბობს უკრაინა და ირწმუნება, რომ პუტინის ხელისუფლებამ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ წინასწარ იცოდა.

"კროკუს სითი ჰოლში" ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა. ამდენივე ადამიანი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მეშვიდე დღეა მუშაობენ.

ტერაქტის საქმეზე დაკავებულ 8 პირს 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა განშტოებამ - ხორასანმა აიღო. თუმცა, ოფიციალურ მოსკოვს მათი არ სჯერა და ტერაქტის უკან ისევ კიევის კვალს ხედავს.

რუსეთის ხელისუფლების ვერსიის არ სჯერათ პუტინის ოპონენტებს. ნავალნის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ამტკიცებენ, რომ თავდასხმის დროს "კროკუს სიტი ჰოლში" ფსბ-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ხალხს დარბაზიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რუსი ოპოზიციონერების განცხადებითვე, დარბაზში მყოფი ფსბ-ს თანამშრომლებიდან ერთ-ერთი, რამდენიმე საათში უკვე ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

ალექსეი ნავალნის თანაპარტიელების ვერსიებს იზიარებს კრემლის ბრალდებების ადრესატი ოფიციალური კიევი. უფრო მეტიც, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთს ინფორმაცია მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან ჰქონდა. კირილ ბუდანოვის თქმით, კრემლმა იცოდა ისიც, თუ საიდან მივიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე.

"კროკუს სიტი ჰოლში" თავდასხმა 22 მარტს მოხდა. რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი დაღუპულთა ხსოვნას ყვავილებით პატივს იმ საკონცერტო დარბაზის ნანგრევებთან მიაგებს, სადაც ტერაქტის დღეს რუსული როკ-ჯგუფის, "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო.

კონცერტი, რომელიც მოსკოვში ვერ შედგა, 6 დღის შემდეგ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. როკ-ჯგუფ "პიკნიკმა", ტერაქტის მიუხედავად, საკუთარი სასცენო გრაფიკი არ შეცვალა და ტრაგედიის ფონზე მაყურებლის წინაშე მაინც წარსდგა. დარბაზი მოსკოვის მსგავსად სანკტ- პეტერბურგშიც სრულად შეივსო.

დღის ამბები