ვიდრე ქართულ ფეხბურთს ევროპელი მაყურებელი საკუთარი თვალით შეაფასებს, ის ვრცელი სტატიით უკვე შეაფასა UEFA-მ.
"საქართველოს გარღვევა წლების განვითარებაზე დაშენდა" - ამ სათაურით ორგანიზაციამ ქართული ფეხბურთის განვითარება მიმოიხილა და თქვა, რომ EURO 2024-ის მასშტაბის საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრით ქვეყანამ ისტორია დაწერა. UEFA წერს, რომ ეს ნაწილობრივ სათამაშო სტრატეგიის განვითარების, ნაწილობრივ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მათი დახმარების ეფექტური გამოყენების შედეგია.
ამასთან, დიდი ტურნირების მასპინძლობის პოზიტიურ ეფექტს დაუთმო UEFA-მ ცალკე თავი სტატიაში. აქ ხაზგასმულია, რომ 2017 წელს ევროპის 19-წლამდელების, 2023 წელს კი 21-წლამდელების ჩემპიონატის თანამასპინძლობით ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ მზარდი ინტერესი რეკორდულ დასწრებაში აისახა. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი სწორედ საქართველოს მატჩებში დაფიქსირდა. საუბარია 316 000-ზე მეტ გულშემატკივარზე. აქცენტია გაკეთებული "ერთა ლიგაზეც", რომელიც წარმატების პლატფორმადაა დასახელებული. სწორედ ამ სისტემის შექმნამ განაპირობა ქართველების კონტინენტის პირველობაზე მოხვედრა, თუმცა ეს ტურნირის ერთადერთი დამსახურება არ არის.
ინფრასტრუქტურული პროექტებით თუ გადამზადების ცენტრებით, UEFA ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ კუთხით გამოყოფილია ახალგაზრდების განვითარების ელიტარული პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც უეფას დახმარებით, სფფ-მ შეძლო დაეარსებინა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. სტატიის დასკვნაში წერია, რომ ევრო 2024-ზე გასვლა გაწეული შრომა შესაფასებლად საუკეთესო მომენტია, საქართველოს საფეხბურთო მოგზაურობაში კი საეტაპო მიღწევებისა თუ მომავალი წარმატებების ხილვა - არც ამ ზაფხულს და არც მის შემდეგ უნდა იყოს ვინმესთვის სიურპრიზი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი