ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილამდე, მოსამართლე ზვიად შარაძემ მხოლოდ ერთი მიზეზით - ბრალდებულის პროცესზე დაუსწრებლობის გამო გადადო. სასამართლო სხდომები უკვე ბოლო ეტაპზეა, მხარეები დასკვნითი სიტყვისთვის ემზადებიან. საბოლოო პოზიციის გამოთქმა სურს თავად გრიგორიადისსაც, თუმცა მისი სურვილია ეს დისტანციურად, პენიტენციური დაწესებულებიდან მოხდეს. სწორედ ამ შინაარსის დოკუმენტი და ოქმი გამოუგზავნა ბრალდებულმა მოსამართლეს საპატიმროდან, თუმცა, ზვიად შარაძემ არასაკმარისი არგუმენტების გამო გრიგორიდისის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის განადგურებას ედავება, თუმცა, მისი ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა. მიუხედავად მათი ამ პოზიციისა, გრიგორიადისის ოჯახი მაინც გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია, რის შემდეგაც ისინი სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.
გამამტყუნებელ განაჩენს ელის პროკურატურაც. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ლაზარე გრიგორიადისის დანაშაულს არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.
მომავალ პროცესზე მოსამართლე, სავარაუდოდ, უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად სასამართლოში შეიკრიბნენ, აქვთ მოლოდინი, რომ მოსამართლე ბრალდებულს პატიმრობაში დატოვებს.
გრიგორიადისის საქმეზე კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარესაც. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა, რასაც გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს ედავება, საკმაოდ მძიმე დანაშაულია და დამტკიცების შემთხვევაში, ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება 353-ე და 187-ე მუხლებს ედავება. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან 7-8 მარტის აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გრიგორიადისს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.