25 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ახლა დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც აშკარად ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობას - ოლივერ ვარჰეი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეთერთმეტე სხდომა ბრიუსელში მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, უკრაინას და მოლდოვას კი მოლაპარაკებების გახსნაზე პოლიტიკური თანხმობა მიეცა.

"მიუხედავად გამოწვევებისა და გაურკვევლობისა, ჩვენმა სამმა პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ახლა დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც აშკარად ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობას ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. დაარსებიდან 15 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობა აგრძელებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას სხვადასხვა სფეროში, რაც ცვლის რეგიონის მოქალაქეების ცხოვრებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს გაწევრიანების გზაზე რეგიონში პროგრესის მიღწევაში . ჩვენ მოვახდინეთ 8,7 მილიარდი ევროს მობილიზება დაკავშირების პროექტების მხარდასაჭერად როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესების სასარგებლოდ", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

სიტყვით გამოვიდა ქართული დელეგაციის თავმჯდომარეც, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ნაბიჯია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და ეს არის ახალი ფურცელი ურთიერთობებში.

"მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს გასული დეკემბრის გადაწყვეტილების გამო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო ევროპისთვის. როცა ევროპას ვახსენე, ვგულისხმობ ევროკავშირსაც და საქართველოსაც, რადგან ორივე ჩვენგანისთვის ეს მართლაც ისტორიული იმპულსია, რომ დავიწყოთ ჩვენი ისტორიის ახალი ფურცლის წერა, ევროკავშირში ევროპული საქართველოსი. ამ მიზნისა და იმპულსის მიღწევა ჩვენთვის ადვილი არ იყო. გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩვენ შევხვდით უამრავ შიდა და გარე გამოწვევას მას შემდეგ, რაც 2022 წელს განაცხადი მოხდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

თქვენ იცით, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სურს იყოს ევროკავშირის წევრი და ეს არის ძალიან ძლიერი და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ასევე იყო იმ ძალისხმევის აღიარება, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.უნდა აღინიშნოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების ახალ მიდგომებზე ან იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისათვის. ეს გამოწვევა ახალი არ არის ჩვენს რეგიონში. საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის წინაშე დგას ჩვენი ტერიტორიების 20%. ამ რეალობის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ წარმატებას რეფორმების სხვადასხვა სფეროში ახლა დადგა იმპულსი, რომ ჩვენ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნები ამ პროცესზე, უნდა ვიმსჯელოთ და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები