ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას იურისტების მიმართ მუქარად აფასებს. გიორგი მიქაუტაძემ გუშინ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მისი ქონების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ყოფილ პროკურორს მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის.
მაია მწარიაშვილის შეფასებით, გიორგი მიქაუტაძის ეს განცხადება იურისტების მიმართ მუქარაა.
"მიქაუტაძემ მიგვიპატიჟა თავისივე სასამართლოში, სადაც პირველი პირი სამოქალაქო სასამართლოს ვერტიკალში არის თვითონ და ამ კრიტიკის დროს, მოგეხსენებათ, გაკიცხვის დროს, სადაც გაკიცხა თავისი მოსამართლეები, ორი მოსამართლე თავისივე პალატის მოსამართლეა და უკვე მისცა დავალება მოსამართლეებს, რა შედეგებით დასრულდება ასეთი სასამართლო. ეს სარჩელი არ ემსახურება კეთილსინდისიერების დადასტურებას, მიქაუტაძემ ეს ძალიან კარგად იცის. ამ სარჩელის ამოცანაა, ციფრებით მანიპულირების გზით, ვითომდა იდავოს პატივისა და ღირსების შელახვისათვის," - აცხადებს მაია მწარიაშვილი.
სარჩელის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ცილისმწამებლურ კამპანიას საქართველოში ვეტინგის სისტემის დანერგვის მსურველ ძალებს უკავშირებს. მისი თქმით, უცხოელი სპეციალისტების მხრიდან ქართველო მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს სასამართლოზე გავლენის მოპოვება სურთ.
"ეს არის მიზანმიმართულად გამოგონილი ტყუილი იმისთვის, რომ ჩემს და ჩემი ოჯახის რეპუტაციას მიაყენოს ჩრდილი, დასვას ვითომდა კითხვები არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი გამოიყენოს იმისთვის, რომ გაამართლოს ე.წ. ვეტინგის ჩატარება და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანოს ის, რომ თურმე, ჩემს ქონებას, შეძენილ მიწას რომ ათჯერ გაზრდის და 2,5ჰა ნახევარს იტყვის და თვეში 17 ათას ლარს რომ 14 ათას ლარად გადააკეთებს წლიურად, ამით უნდა, რომ ფონს გავიდეს. საუბრები და ბრიფინგით ადამიანების დაშინებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. მისი ცრუ ფაქტების გავრცელება შეეხო ჩემი ოჯახის რეპუტაციას და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვაპირებ სამართლებრივ დავას," - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.