25 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
"დურუჯი 2024" - შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება ჩატარდა

სამაშველო განგაშის სიგნალი ყვარელში შუადღის 2 საათზე ჩაირთო. თუმცა, საფრთხე რეალურად არ არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება "დურუჯი 2024" ჩატარდა.

წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე დურუჯის შესართავის მიმდებარე ტერიტორიებზე, ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე შეიქმნა, რასაც შესაძლოა რისკის ზონაში არსებული საცხოვრებელი უბნების დატბორვა გამოეწვია. სიტუაციის ეფექტური მართვისთვის, შეიქმნა შტაბი, სადაც რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, კრიზისის მართვის გეგმა შეიმუშავეს. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება.

სიმულაციურ ფართომასშტაბიან სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გვარდია, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექიმები, წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.

ადგილობრივებმა, 112-სგან გამაფრთხილებელი შეტყობინებები წინასწარ მიიღეს, რის შემდეგაც, მასში მონაწილეობის სურვილი 500-მდე ადამიანმა გამოთქვა.

სწავლების მიზანი, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, მდინარე დურუჯის კალაპოტი ერთ-ერთი მოწყვლადი ადგილია, ამიტომ ქალაქ ყვარელში სიმულაციური სწავლების ჩატარება მნიშვნელოვანი იყო.

სიმულაციურ სწავლება "დურუჯი 2024"-ში, 250 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. შსს სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლების ჩატარებას, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

დღის ამბები